Belive

ევრო 2024 | ყველაფერი ჩეხეთის ნაკრების შესახებ

3 კვირის წინ ფეხბურთი
10 წთ

დაარსება: 1994

ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია: 1901 წლის 19 ოქტომბერს დაარსდა (პრაღა, ჩეხეთი)

ფიფას წევრი: 1907 წლიდან

უეფას წევრი: 1954 წლიდან

პრეზიდენტი: პეტრ ფოუსეკი

ფიფას რეიტინგი: 36

უმაღლესი რეიტინგი: 2

ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 67

საშინაო არენა: განსხვავებული სტადიონები

მთავარი მწვრთნელი: ივან ჰაშეკი

კაპიტანი: ტომას სოუჩეკი

ს ტ ა ტ ი ს ტ ი კ ა

პირველი მატჩი: უნგრეთი - ბოჰემია 2:1; თურქეთი - ჩეხეთი 1:4;

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ჩეხოსლოვაკია - იუგოსლავიის სამეფო 7:0; ჩეხეთი - ანდორა 8:1; ჩეხეთი - სან მარინო 7:0; ჩეხეთი - სან მარინო 7:0; ჩეხეთი - ქუვეითი 7:0

ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: უნგრეთი - ჩეხოსლოვაკია 8:3; ინგლისი - ჩეხეთი 5:0

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: პეტრ ჩეხი (124)

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: იან კოლერი (55)

მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე: 9 (პირველად: 1934 წელს, ჩეხოსლოვაკიის სახელით; საუკეთესო შედეგი: მეორე ადგილი, 1934 და 1962 წელს; ჩეხეთის სახელით დებიუტი შედგა 2006 წელს)

მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე: 10 (პირველად: 1960 წელს ჩეხოსლოვაკიის სახელით, საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი 1976 წელს; ჩეხეთის სახელით დებიუტი 1996 წელს და იმავე გათამაშებაში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგი: მეორე ადგილი)

მონაწილეობა კონფედერაციის თასზე: 1 (1997 წელს და მესამე პოზიცია);

მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებზე: 4 (პირველად 1924 წელს, საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი);

ი ს ტ ო რ ი ა

სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული გუნდია. ქვეყნის ცხოვრების ცვალებადობის პარალელურად იცვლებოდა ჩეხების საფეხბურთო ისტორიაც და მათ სამი სხვადასხვა ნაკრების სახელით უთამაშიათ.

ყველაფერი მეოცე საუკუნის სტარტზე დაიწყო, როცა ბოჰემიის სამეფოს სახელით ჩეხეთის ნაკრების შექმნას საფუძველი ჩაეყარა. გუნდმა, რომელმაც პირველი მატჩი 1903 წელს უნგრეთთან გამართა, მხოლოდ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და იმ ხანად იარსება, როცა დიდი სანაკრებო ტურნირები ჩამოყალიბებული არ გახლდათ. 1920-იანი წლებიდან, ევროპის პოლიტიკურ რუკაზე დიდი ცვლილებებისა და რამდენიმე სახელმწიფოთა კავშირის ჩამოყალიბების ფონზე, ჩეხეთისა და სლოვაკეთის შერწყმამ, ცხადია ნაკრებსაც ახალი, საერთო სიცოცხლის ფორმა შესძინა.

ჩეხოსლოვაკიის ნაკრები საფეხბურთო ისტორიაში იმ ნაკრებთა შორისაა, რომელიც რამდენიმე სახელმწიფოს გაერთიანებით შეიქმნა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, წარმატებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტიტულოვანიც გახლავთ.

1919 წლიდან 1993 წლამდე, ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა, მსოფლიოს 8 და ევროპის სამ ჩემპიონატზე ითამაშა. მუნდიალზე ორჯერ ვერცხლის მედალს დაეუფლა, კონტინენტური მასშტაბით კი ორი ბრინჯაოს მედლის გარდა, ჩემპიონობასაც შესწვდა. ეს 1976 წელს, ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიის ოქროს ხანაში მოხდა, როცა იუგოსლავიაში გამართულ ტურნირზე გოლის სილამაზესთან გაიგივებული გვარის მქონე პანენკამ და მისმა თანამოძმეებმა ნახევარფინალში ძლევამოსილ ნიდერლანდების, ფინალში კი დასავლეთ გერმანიის იმხანად მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ „მანდშაფტს“ მოუგეს.

1980-იან წლებში, ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება უკვე ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ ოლიმპიადაზე ჩეხოსლოვაკიელებმა გულმკერდი ოქროს მედლებით დაიმშვენეს.

1990-იანი წლების გარიჟრაჟი აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელი სახელმწიფოების ისტორიაში მსგავსია. სოციალისტური რესპუბლიკების კავშირების შლა და სახელმწიფოთა მიერ ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელების გზა. ამ ამბების მონაწილე ცხადია ჩეხოსლოვაკიაც გახლდათ, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ყველაზე მშვიდობიანად ერთმანეთს სწორედ ჩეხეთი და სლოვაკეთი დაშორდნენ. ისტორიამ ამ „რევოლუციას“ „ხავერდოვანი განქორწინება“ უწოდა. ცხადია, ამ ამბების შემდეგ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებმა დამოუკიდებელი გზით ცხოვრება გააგრძელეს, აი საერთო ნაკრების სამართალმემკვიდრის სტატუსი კი მათ მეგობრულად გაიზიარეს და წარსულის წარმატებულ საძირკველს თანამედროვე ეპოქაში არანაკლებ ლამაზი კედლებისა და სახლის მშენებლობა შემატეს.

დამოუკიდებლობის ეპოქაში, ჩეხეთის ნაკრებმა მუნდიალის კარი 2006 წელს შეაღო, იქამდე კი თავი კონტინენტურ ტურნირზე წარმატებით გამოიჩინა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნაკრების ისტორიაში პირველი იყო და ჩეხებმა ეს გამოწვევა წარმატებით გადალახეს და არამხოლოდ ფინალურ ტურნირზე მოხვედრა, არამედ ფინალში გასვლაც მოახერხეს. ფინალამდე მისასვლელ გზაზე, ჩეხეთის ნაკრებმა სამ ევროპის ჩემპიონს სძლია (იტალია, საფრანგეთი და პორტუგალია), უემბლიზე გამართულ ფინალში კი, ტურნირის ესპანეთთან ერთად ყველაზე ტიტულოვან, გერმანიის ნაკრებთან ბრძოლაში, ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

დებიუტიც ასეთი უნდა. რაც არამხოლოდ ერთჯერადი წარმატება და ფინალში გასვლა, არამედ ჩეხეთის ნაკრების სტაბილურ ძალად ჩამოყალიბება და მიჯრით მეშვიდე ტურნირზე გასვლა მოჰყვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩეხებმა 2004 წლის გათამაშებაში ნახევარფინალს, ხოლო 2012 და 2020 წლებში მეოთხედფინალს მიაღწიეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩეხეთის ნაკრები ერთადერთხელ, 2006 წელს გამოჩნდა, ის ტურნირიც გერმანიაში ჩატარდა და იტალიისა და განის ნაკრებების შემდეგ აღმოსავლეთევროპელებმა 3 ქულით მესამე პოზიცია დაიკავეს, აშშ-ს კი მეოთხე ადგილი არგუნეს.

1990-იანი წლების მიწურულს და 2000-იანი წლების გარიჟრაჟზე ჩეხური ფეხბურთის მწვერვალზე ასვლამ ოქროს ბურთზე წარმატებაც განაპირობა. პაველ ნედვედი, იან კოლერი, ტომაშ როსიცკი, მილან ბაროში, მარეკ იანკულოვსკი, ტომაშ გალაშეკი და მეკარე პეტრ ჩეხი დიდ ევროპულ სცენაზე კაშკაშებდნენ, 2003 წელს, ჩეხეთის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პაველ ნედვედმა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა.

ამჟამად, ჩეხეთის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 36-ე ადგილზე იმყოფება და ევროპაში, გრანდებისათვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე, სტაბილური წარმატებით გამორჩეული და თაობათა ცვლის ფაზების ურყევად გადამტანი გუნდია.

ჩეხეთის ნაკრების ძირითადი სათამაშო ფერი წითელი და ლურჯია, რაც ინსპირაციას ცხადია ეროვნული დროშიდან იღებს. სტუმრად გასამართ მატჩებში ჩეხების სათამაშო ფერი თეთრი გახლავთ.

ჩეხები საშინაო შეხვედრებს განსხვავებულ სტადიონებზე ატარებენ. ნაკრების ისტორიაში ყველაზე პოპულარული სტადიონი პრაღის „ლეტნა არენა“ გახლავთ, რომელიც ადგილობრივი „სპარტას“ ბინა გახლავთ. აქ ჩეხეთის ნაკრებს სულ 47 მატჩი აქვს გამართული. სამეულში ასევე ტეპლიცეს „არენა ნა შტინდლეცი“ და პრაღის „სტადიონ ედენი“ შედის.

შ ე მ ა დ გ ე ნ ლ ო ბ ა

ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში შიდა ჩემპიონატში მოთამაშე და წარმატებული ლეგიონერების კარგი ბალანსია დაცული. გუნდი ძირითადად სამი მთავარი ჩეხური გუნდის, პრაღის „სპარტასა“ და „სლავიას“, და პლზენის „ვიქტორიას“ ფეხბურთელებითა და ქვეყნის ფარგლებს მიღმა, ევროპის ელიტარულ ლიგებში მოთამაშეებით კომპლექტდება.

ნაკრების მთავარი ლიდერი ლევერკუზენის „ბაიერის“ სარეკორდო სეზონის მონაწილე პატრიკ შიკი გახლავთ. 28 წლის თავდამსხმელს ნაკრებში უკვე 19 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის ბომბარდირთა საუკეთესო ათეულში იმყოფება. მასთან ერთად ხაბი ალონსოს გუნდში მეკარე, მატეი კოვარი და შემტევი, ადამ ჰლოჟეკი თამაშობენ.

გერმანიის მოქმედი ჩემპიონის სამეულის გარდა, გუნდში ბუნდესლიგის კიდევ ორი წარმომადგენელი, „ვოლფსბურგის“ გარემარბი, ვაცლავ ჩერნი და „ჰოფენჰაიმის“ მარჯვენა მცველი, დავიდ იურაშეკი ირიცხება. გერმანიის გარდა, გუნდში ევროპის კონფერენს ლიგის ზედიზედ ორი სეზონის ფინალისტი, „ფიორენტინას“ შემტევი ნახევარმცველი ანტონინ ბარაკი, „ფეიენოორდის“ ანდრეი ლინგრი და „ვესტ ჰემის“ დუეტი, ვლადიმირ ცოუფალი და ტომას სოუჩეკი არიან.

გუნდის ფეხბურთელების საშუალო ასაკი 25.3 წელია. ივან ჰაშეკის გაწვრთნილ შემადგენლობაში 25 წლამდე ასაკის 14, 30 წელს ზემოთ კი 2 ფეხბურთელია.

მ წ ვ რ თ ნ ე ლ ი

ივან ჰაშეკი არამხოლოდ ჩეხეთის, არამედ ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლავთ. ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მაისური მან 54 მატჩში მოირგო და 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა. რაც შეეხება ჩეხეთის ნაკრებს, იქ მან ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. საერთო ნაკრებში, ჩვენი გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ივან ჰაშეკი მოედანზე კარგი პარტნიორები და მოედნის მიღმა მეგობრები გახლდნენ. მათ ერთად მუნდიალის მეოთხედფინალამდე მიაღწიეს.

ფეხბურთელის რანგში ქვეყნის ფარგლებს შიგნით ყველა შესაძლო ტიტულის არაერთხელ მოგებისა და წლის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დასახელების შემდეგ, ასევე წარმატებული სამწვრთნელო კარიერა იწყება. ძირითადად ივან ჰაშეკი შუააღმოსავლეთის ქვეყნების ნაკრებებსა და გუნდებს ხელმძღვანელობდა და იქ ტიტულების მოგებაც შეძლო. მის კარიერაში მცირე პერიოდით გაბონის ნაკრებმა და თავისი ქვეყნის იმხანად ყველაზე ტიტულოვანმა სენტ-ეტიენმაც“ გაიელვა, მაგრამ არც თუ ისე დიდი წარმატებით.

რაც შეეხება სამშობლოს, ივან ჰაშეკმა ჩეხეთის ნაკრებს 2009 წელს ხუთ მატჩში უხელმძღვანელა, ოღონდ ამ დროს ის ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი გახლდათ, აი მხოლოდ მთავარ მწვრთნელად კი მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა.

მარტისა და ივნისის შეკრებებზე ჩატარებული 4 მატჩიდან ივან ჰაშეკმა ოთხივე მოიგო, ამ შეხვედრების უმეტესობაში კი, მან სამი ცენტრალური მცველით დაკომპლექტებული ტაქტიკით თამაშს მიანიჭა უპირატესობა.

სხვა სტატიები